აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, კილის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, ბრიტანეთის საბჭოს გრანტის ფარგლებში ახორციელებს პროექტს, „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის“, რომლის დევიზია „კვლევისა და ინოვაციების მხარდაჭერა“.
ბრიტანელი კოლეგების სტუ-ში პროექტის გეგმიური ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა პროექტის მიმდინარე ეტაპზე არსებულ აქტივობების ანალიზი და წინასწარი მონიტორინგის განხორციელება.
ამასთან ერთად, 22 თებერვალს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ბრიტანელი პარტნიორების მონაწილეობით ჩატარდა პროექტის ძირითადი გეგმით გათვალისწინებული ე.წ. „პროექტის გახსნის ღონისძიება“, რომელშიც პროექტის სპეციფიკის გათვალისწინებით მონაწილეობა მიიღეს ბიზნესორგანიზაციების წარმომადგენლებმა, სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა, ასევე, სტუ-ს ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა.
ღონისძიება წარიმართა ე.წ „მრგვალი მაგიდის“ პრინციპით. ბიზნესორგანიზაციების წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს მათთვის მსგავსი პროექტების მნიშვნელობას და მასში აქტიურად ჩართვის სურვილი გამოხატეს. ბრიტანელი პარტნიორებმა ისაუბრეს კილის უნივერსიტეტში წლების განმავლობაში მსგავსი პროექტების განხორციელების პრაქტიკის შესახებ და პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს მიღებული შედეგები.
ინგლისელმა პარტნიორებმა, ასევე, საქმიანი შეხვედრა გამართეს „სტუ-ს ფაბ ლაბსა“ და მედიატექნოლოგიების ლაბორატორიაში „სტუნეტი“ და უფრო დეტალური ინფორმაცია მიიღეს იქ მიმდინარე პროცესებსა და აქტივობებზე.
საგულისხმოა, რომ პროექტის „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის“ მიზანია:
• სტუდენტების და შემოქმედებით ინდუსტრიაში დასაქმებული ახალგაზრდების სამეწარმეო უნარების განვითარება;
• ახალი ბიზნესის ამოქმედების და მისი ფუნქციონირების მხარდაჭერა ინკუბაციის საშუალებით;
• საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ბიზნესსექტორს შორის მჭიდრო თანამშრომლობის სტიმულირება და მხარდაჭერა;
• ცოდნის გაზიარება.
პროექტის ფარგლებში პირველ წელს (2019 წლის თებერვალი-მაისი) დაგეგმილია:
– ტრენინგები სამეწარმეო უნარების განვითარებაში (როგორც პედაგოგებისთვის, ასევე, სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის);
– 10 ბიზნესიდეის შემუშავება ექსპერტთა (ტრენერთა) მოდერაციით;
– ბიზნესიდეების შემდგომი ინკუბაცია;
– ე.წ „ინტერშიპი“ კომპანიებში – მუშაობა რეალურ პროექტებზე, კონკრეტული პოზიციის შესაბამისად მოთხოვნილი კრიტერიუმების გათვალისწინებით;
– საერთაშორისო ბიზნესიდეების ონლაინკონკურსის ორგანიზება;
– ბიზნესის ინგლისურის ენის ონლაინკურსების შეთავაზება სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის.
1. „საკუთარი ბიზნესიდეა“ – პროექტი ითვალისწინებს სტუდენტური იდეების გენერაციასა და მის პრაქტიკულ აღსრულებას, ინკუბაციის და პროფესორ-მასწავლებლებთან საკონსულტაციო მუშაობის გზით;
2. „რეალურ ბიზნესპროექტზე მუშაობა“ – გულისხმობს ბიზნესსექტორთან თანამშრომლობით, რეალური ბიზნესის ქეისების დამუშავებას და დასმული ამოცანების საპროექტო გადაწყვეტას, ბიზნესსექტორთან და პროფესორ-მასწავლებლებთან ერთობლივად საკონსულტაციო მუშაობის გზით.
პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ სტუ-ს ნებისმიერი საფეხურის სტუდენტებს, თანამშრომლებს (აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი) და კურსდამთავრებულებს, რომლებსაც აქვთ ინოვაციური სამეწარმეო იდეები და სურთ, თავიანთი იდეები რეალურ ბიზნესპროექტებად აქციონ ან ბიზნესსექტორთან თანამშრომლობით, სურთ რეალურ ბიზნესპროექტებზე მუშაობა.
პროექტის ძირითად ეტაპზე ჩართვა შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ასევე, გუნდური პრინციპით (გუნდის შემთხვევაში, შესაძლებელია, გუნდში ირიცხებოდეს მაქსიმუმ 3 წევრი).
რაც შეეხება პროექტში ბიზნესსექტორის ჩართულობას, ეს პროექტი განკუთვნილია იმ პირებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებისათვის (მცირე და საშუალო ბიზნესები), რომლებიც ახალი პროდუქტის, პროცესის ან სერვისის შექმნაზე ფიქრობენ ან შექმნის პროცესში არიან.
ასევე, სტუ-ს აკადემიურ პერსონალს შესაძლებლობა აქვს პროექტში ჩაერთოს. პროექტის ხელმძღვანელის სტატუსით და სტუდენტებთან და ბიზნესსექტორთან თანამშრომლობით მოამზადოს რეალური პროექტები, რომელიც საბოლოო ჯამში წარდგენილი იქნება ბრიტანეთის საბჭოს მიერ ორგანიზებულ ადგილობრივ და საერთაშორისო კონკურსებში.
პროექტში ჩართული პირებისთვის, რომლებიც შეძლებენ დასკვნით ეტაპზე წარადგინონ დამუშავებული პროექტები (სულ 10 პროექტი), გათვალისწინებულია სხვადასხვა სამოტივაციო ღონისძიებები.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროექტის ინსტიტუციურ კოორდინაციას ერთობლივად ანხორციელებენ სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახური და სტუ-ს კომერციალიზაციის დეპარტამენტი, ხოლო პროექტი სტუ-ს ინოვაციების ცენტრის ეგიდით ხორციელდება.
აქვე ავღნიშნავთ, რომ „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის“ არის 5-წლიანი ინიციატივა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საერთაშორისო საუნივერსიტეტო და ინსტიტუციურ პარტნიორობებს სამეწარმეო უნარების და შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებაში. პროგრამა ხორციელდება დიდ ბრიტანეთში, საქართველოში, აზერბაიჯანში, სომხეთში, უზბეკეთში, უკრაინაში, ყაზახეთსა და ყირგიზეთში.
პროგრამა მთლიანად დაფინანსებულია ბრიტანული საბჭოების მიერ.