ქართულ-ბრიტანული პროექტი გრძელდება „შემოქმედებითი ნაპერწკალი – სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის“.

ქართულ-ბრიტანული პროექტი გრძელდება „შემოქმედებითი ნაპერწკალი – სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის“.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და კილის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) პარტნიორობით წარდგენილმა პროექტმა ბრიტანეთის საბჭოს მე-4 წლის გრანტი მოიპოვა.

 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, კილის უნივერსიტეტთან  თანამშრომლობით, ბრიტანეთის საბჭოს გრანტის ფარგლებში 2018 წლიდან ახორციელებს პროექტს, „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის“. „შემოქმედებითი ნაპერწკალი“ არის დიდი ბრიტანეთის მთავრობის 5 წლიანი ინიციატივა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საერთაშორისო  საუნივერსიტეტო და ინსტიტუციურ პარტნიორობებს სამეწარმეო უნარების და შემოქმედებითი ინდუსტრიების  განვითარებაში. პროგრამა ხორციელდება დიდ ბრიტანეთში, საქართველოში, აზერბაიჯანში, სომხეთში, უზბეკეთში, უკრაინაში, ყაზახეთსა და ყირგიზეთში. მეტი ინფორმაცია იხ. https://www.britishcouncil.ge/programmes/education/creative-spark

პროგრამის მიზანია:

  • სტუდენტების და შემოქმედებით ინდუსტრიაში დასაქმებული ახალგაზრდების სამეწარმეო უნარების განვითარება;
  • ახალი და მოქმედი ბიზნესის ამოქმედების და მისი ფუნქციონირების მხარდაჭერა ინოვაციებით;
  • საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ბიზნეს სექტორს შორის, მჭიდრო თანამშრომლობის სტიმულირება და მხარდაჭერა;
  • ცოდნის გაზიარება.

2018 წლიდან დღემდე პროექტის ფარგლებში პროგრამის მიზნების მისაღწევად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კილის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით განხორციელდა არა ერთი ღონისძიება და აქტივობა. ღონისძიებები მიმდინარე 2021-2022 წელსაც გაგრძელდება (მეტი ინფორმაცია იხ. http://innovations.gtu.ge/).

პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ სტუ-ს ნებისმიერი საფეხურის სტუდენტებს, თანამშრომლებს (აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი) და კურსდამთავრებულებს, რომლებსაც აქვთ ინოვაციური სამეწარმეო იდეები და სურთ თავიანთი იდეები რეალურ ბიზნესპროექტებად აქციონ. პროექტის ძირითად ეტაპზე ჩართვა შესაძლებელია, როგორც ინდივიდუალურად, ასევე, გუნდური პრინციპით.

შეგახსენებთ, რომ პროექტი ხორციელდება სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობებისა დეპარტამენტის მიერ და  ის კოორდინაციაშია სტუ-ს  და კილის უნივერისტეტის ადმინისტრაციებთან. პროექტის მთავარი პარტნიორია სტუ-ს სტუდენტური თვითმმართველობა. პროექტს ორგანიზებას უკეთებს სტუ-ს ინოვაციების ცენტრი.

პროექტთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ „სტუ-ს ინოვაციების ცენტრს“ (საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახური. სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსი, II სართული, ოთახი N221; ოთახი N223) ან სტუდენტურ თვითმმართველობას.

კითხვების ან საკონსულტაციო შეხვედრების სურვილის შემთხვევაში მოგვწერეთ: innovations@gtu.ge  ან დაგვირეკეთ ტელ.: 2 36 51 29