სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
„ინოვაციების ცენტრი“
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
თბილისი
2018 წ.
- ზოგადი დებულებები:
- სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „ინოვაციების ცენტრი” (შემდგომში – ინოვაციების ცენტრი) დაფუძნებულია სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის და საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიების და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის ინიციატივით, ევროკავშირის Erasmus+“-ის საგრანტო პროექტის – „ინოვაციური კომპეტენციების და სამეწარმეო უნარების ამაღლება საინჟინრო განათლებაში“ (Enhacing Innovation Competencesand Entrepreneurial Skillsin Engineering Education – „InnoCENS“ 573965-EPP-1-2016-1-SE-EPPKA2-CBHE-JP) მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად და ის ფუნქციონირებს თვითდაფინანსების პრინციპით;
- სტუ-ს „ინოვაციების ცენტრი” თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წესდების, ამ დებულების და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
- რექტორის და აკადემიური საბჭოს მოთხოვნით შეიძლება ჩატარდეს ცენტრის ანგარიშის რიგგარეშე განხილვა.
- ცენტრის ფუნქციები და ამოცანები
„ინოვაციების ცენტრის“ ფუნქციები და ამოცანები განისაზღვრება ევროკავშირის Erasmus+“-ის საგრანტო პროექტის – „ინოვაციური კომპეტენციების და სამეწარმეო უნარების ამაღლება საინჟინრო განათლებაში“ (Enhacing Innovation Competencesand Entrepreneurial Skillsin Engineering Education – „InnoCENS“ 573965-EPP-1-2016-1-SE-EPPKA2-CBHE-JP) მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად:
- პედაგოგიკის ინოვაციური მეთოდების შემუშავებისა და მისი სასწავლო პროცესში შემდგომში დანერგვის მიზნით შესაბამისი პროექტების მომზადება;
- წარმატებული კარიერის სისტემური მახასიათებლების შესწავლა და ორგანიზება;
- სწავლის შედეგების შეფასების ინოვაციური მეთოდების შემუშავება და შესაბამისი პროექტების მომზადება;
- ცენტრის კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო და ადგილობრივ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კავშირების დამყარება და თანამშრომლობის განვითარება;
- სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების ინოვაციური და სამეწარმეო უნარების და იდეების განვითარების ხელშეწყობა და მხარდაჭერა;
- ინოვაციებთან და მეწარმეობასთან დაკავშირებული სასწავლო პროგრამების (სილაბუსების) და სასწავლო გეგმების (კურიკულუმების) შემუშავების პროცესის ხელშეწყობა;
- აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარებისათვის და სწავლების ინოვაციური მეთოდის შედეგების გაცნობისათვის კონფერენციების, ტრეინინგების და სემინარების მოწყობა;
- სამეწარმეო სულისკვეთებისა და ბიზნეს ცნობიერების განვითარების მიზნით საუნივერსიტეტო გარემოში ინოვაციური ეკოსისტემის შექმნის ხელშეწყობა;
- დასახული მიზნების მიღწევის მიზნით საგრანტო პროგრამებში მონაწილეობა.
- ცენტრის სტრუქტურა და მართვა
- ცენტრს ხელმძღვანელობს ცენტრის უფროსი, რომელსაც ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სტუ-ს რექტორი;
- უნივერსიტეტის ან/და ფაკულტეტების წარდგინებით იქმნება სპეციალური საბჭო, რომელსაც ამტკიცებს უნივერსიტეტის რექტორი და რომელიც კოორდინაციას უწევს ცენტრის საქმიანობას ფაკულტეტებზე;
- ცენტრის პერსონალი შედგება სამეცნიერო, სასწავლო და დამხმარე პერსონალისაგან;
- ცენტრის პერსონალი თანამდებობაზე ინიშნება და თავისუფლდება უნივერსიტეტის რექტორის მიერ, ცენტრის უფროსის წარდგინების საფუძველზე;
- იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ხელშეკრულებების გაფორმება ხორციელდება უნივერსიტეტში მიღებული წესის და ფორმების შესაბამისად.
- ცენტრის უფროსი უფლებამოსილია
- განახორციელოს ცენტრის ეფექტიან მართვასა და ფუნქციონირებასთან დაკავშირებული სხვა და სხვა აუცილებელი საქმიანობა;
- კომპეტენციის გათვალისწინებით მოამზადოს წინადადებები და რექტორთან შეთანხმებით განსახილველად წარუდგინოს სტუ–ს შესაბამის ორგანოებს;
- ცენტრის უფროსს, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ენიჭება პასუხისმგებლობა ცენტრის საქმიანობის მიმართულებების შესრულების ვადების, შინაარსისა და ხასიათის განსაზღვრისათვის, აგრეთვე ცენტრის სარგებლობის უფლებით გადაცემული უნივერსიტეტის ქონების მიზნობრივად გამოყენების, შენახვისა და გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნებისათვის;
- განახორციელოს ცენტრის ეფექტიან მართვასა და ფუნქციონირებასთან დაკავშირებული სხვა აუცილებელი საქმიანობა.
- დასკვნითი დებულებები
- დებულება ძალაშია სტუ-ს აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ მისი დამტკიცების მომენტიდან;
- ინოვაციების ცენტრის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ფინანსური ურთიერთობის რეგულირების პოლიტიკა განისაზღვრება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოქმედი წესის შესაბამისად;
- ფინანსური და საბუღალტრო ანგარიშგების ფორმები, ხელშეკრულებები, სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტები და სხვა რეგულირდება სტუ-ს შიდა ადმინისტრაციული აქტებით;
- დებულებაში ცვლილებებსა და დამატებებს შეიმუშავებს ცენტრის უფროსი, რასაც განიხილავს უნივერსიტეტის აკადემიური და ამტკიცებს უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭო;
- დებულება ძალას კარგავს ახალი დებულების დამტკიცების ან ცენტრის ლიკვიდაციის შემთხვევაში;
- ცენტრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება სტუ–ს შესაბამისი ადმინისტრაციული აქტებით დადგენილი წესის შესაბამისად.