პროგრამის „შემოქმედებითი ნაპერწკალი“ ეგიდით მორიგი აქტივობა ქ. ბათუმში ჩატარდა

პროგრამის „შემოქმედებითი ნაპერწკალი“ ეგიდით მორიგი აქტივობა ქ. ბათუმში ჩატარდა

 

ბრიტანეთის საბჭოს საგრანტო პროგრამის „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის“ – “Creative Spark: Higher Education Enterprise Programme” მე-2 წლის პროექტის ფარგლებში, რეგიონალურ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომლის ადმინისტრაციამ გამოხატა სურვილი ემასპინძლა აღნიშნულ აქტივობისთვის, მიმდინარე წლის 13-14 თებერვალს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და კილის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) ორგანიზებით „მეწარმეობის დღე“ ჩატარდა, რომელსაც ტექნოლოგიურმა ფაკულტეტმა უმასპინძლა.

 

„მეწარმეობის დღე“  სხვადასხვა ღონისძიებებს ითვალისწინებდა, კერძოდ, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში „მეწარმეობის დღის“ ფარგლებში, სტუ-ს წარმომადგენლებმა ადგილობრივი აუდიტორიისათვის პროექტის „შემოქმედებითი ნაპერწკალის“ შედეგების პრეზენტაციები გამართეს; ჩატარდა ონლაინ კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობა კილის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მიიღეს, სადაც განხილული იქნა კონკრეტული საკითხები სამეწარმეო უნარების განვითარებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ; ადგილობრივი სტუდენტებისათვის, სტუ-ს წარმომადგენლებმა, რომლებსაც შესაბამისი მომზადება ბრიტანელი პარტნიორების დახმარებით გაიარეს, ჩაატარეს ერთ დღიანი ტრენინგ-სემინარი „მეწარმეობის უნარ-ჩვევები“, რომლის  მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სერთიფიკატები.

 

ინფორმაციისათვის აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, პარტნიორი უნივერსიტეტის სტატუსით, კილის უნივერსიტეტთან (დიდი ბრიტანეთი) თანამშრომლობით მონაწილეობს ბრიტანეთის საბჭოს საგრანტო პროგრამის: „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის“ – “Creative Spark: Higher Education Enterprise Programme” მე-2 წლის პროექტში – „შემოქმედებითი ნაპერწკალი“ არის 5 წლიანი ინიციატივა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საერთაშორისო  საუნივერსიტეტო და ინსტიტუციურ პარტნიორობას სამეწარმეო უნარების და შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებაში. პროგრამა ხორციელდება დიდ ბრიტანეთში, საქართველოში, აზერბაიჯანში, სომხეთში, უზბეკეთში, უკრაინაში, ყაზახეთსა და ყირგიზეთში.  პროგრამა მთლიანად დაფინანსებულია ბრიტანული საბჭოების მიერ.