201910 იანვარს, 14:00 საათზე, სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსის შეხვედრების ოთახში (ქ. თბილისი, კოსტავას ქ. 77), ბრიტანული საბჭოების პროგრამის „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის“ გამარჯვებული საგრანტო პროექტის ფარგლებში გაიმართება ტრენერთა ტრენერის (ToT) ტრეინინგ-კურსების გახსნის ღონისძიება. ღონისძიების ორგანიზატორია სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახური.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, პარტნიორი უნივერსიტეტის სტატუსით, კილის უნივერსიტეტთან (დიდი ბრიტანეთი) თანამშრომლობით გაიმარჯვა ბრიტანეთის საბჭოს მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში: „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის“ (Creative Spark: Higher Education Enterprise Programme).
ქართულ-ბრიტანული პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების მიხედვით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართება ტრენერთა ტრენერის (ToT) ტრეინინგ-კურსები, რომელსაც ჩაატარებენ პროექტის ინგლისელი პარტნიორები. ტრეინინგ-კურსები 10-14 იანვარს ჩატარდება ტექნიკურ უნივერსიტეტში. აღნიშნული აქტივობების მიზანია უნივერსიტეტის თანამშრომელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და შესაბამისი კვალიფიკაციის ტრენერების და მოდერატორების მომზადება, რათა მიღებული ცოდნა და გამოცდილება გაუზიარონ თავიანთ კოლეგებსა და სტუდენტებს პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების წარმატებით განხორციელებისთვის.