24 ნოემბერს, 15:00 საათზე, სტუ-ს ინოვაციების ცენტრის ორგანიზებით, დისტანციურად (ონლაინ) გაიმართა პროგრამა “მოქმედებითი ნაპერწკალის” მე-4 წლის პროექტის გახსნის ღონისძიება. შეხვედრა იყო საჯარო ფორმატის და მასზე დასწრება შეეძლო ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.
შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო პროექტის შედეგების ანგარიში და სამომავლო გეგმების პრეზენტაცია სახელწოდებით “Ways for the Sustainable Development of the Enterprise and Entrepreneurship Eco-system at GTU”, რომლის მიზანი, ფართო საზოგადოებისთვის პროექტის განვლილი სამი წლის მიღწევების გაცნობა და მე-4 წლის სამომავლო ინიციატივების და გეგმების შესახებ ინფორმაციის გაზიარება იყო.
ამასთან აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში სტუ-ში ვიზიტად იმყოფებიან კილის უნივერსიტეტის წარმომადგენლები: კოლინ რიგბი – პროფესორი, კილის უნივერსიტეტის „მეწარმეობის“ მიმართულების დირექტორი; ფილიპა ჩეპმენი – ინოვაციების მრჩეველი და პროექტის მენჯერი და ემა ბონფილიო – მკვლევარი, რომლებმაც ვიზიტის პერიოდში საქმიანი შეხვედრები გამართეს სტუ-ს და საფაკულტეტო ადმინისტრაციასა და აკადემიურ პერსონალთან. შეხვედრები ეხებოდა სტუ-ს პროგრამებში სამეწარმეო მოდულების შესაძლო განვითარების ხედვებს, კურიკულიმების და სილაბუსების განახლებისა და ინტერნაციონალიზაციის შესაძლებლობებს. სტუდენტებისა და პროფესორ მასწავლებლებისთვის, ბიზნესთან კოლაბორაციისა და თანამშრომლობის პრაქტიკის მიმართულებით ჩატარდა რამდენიმე ტრენინგი და სემინარი. ზოგადად კილის უნივერსიტეტის წარმომადგენელტა ვიზიტის მთავარი მიზანი იყო, ინოვაციების ცენტრის ფარგლებში სტუ-ში ინოვაციური და სამეწარმეო ეკოსისტემის ხელშეწყობა საუკეთესო ბრიტანული პრაქტიკის გამოყენებით.
შეგახსენებთ, რომ პროექტი „შემოქმედებითი ნაპერწკალი – სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში”, ხორციელდება ბრიტანეთის საბჭოს დაფინანსებით და სტუ-სა და კილის უნივერსიტეტის თანამშრომლობით (Keele UK). სტუ-ში პროექტის კოორდინატორია საერთაშორისო ურთიერთობებისა დეპარტამენტი. პროექტს ორგანიზებას უკეთებს სტუ-ს ინოვაციების ცენტრი. პროექტის პარტნიორია სტუდენტური თვითმმართველობა.