პროექტი Creative Spark – ინგლისური ენის სწავლების პლატფორმა The English Channel

პროექტი Creative Spark – ინგლისური ენის სწავლების პლატფორმა The English Channel

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ბრიტანეთის საბჭოსთან პარტნიორობით, დაინტერესებულ პირებს სთავაზობს ინგლისური ენის სწავლების ძალიან მნიშვნელოვან და პრაქტიკულ პლატფორმას The English Channel, რომელიც არის ბრიტანეთის საბჭოს მიერ შემუშავებული ინგლისური ენისა და სამეწარმეო უნარ-ჩვევების განსავითარებელი, ვიდეოსწავლებაზე დაფუძნებული პლატფორმა. The English Channel პლატფორმა შემუშავებულია ბრიტანული საბჭოების პროგრამის „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის“ ფარგლებში და წარმოადგენს პროექტში მონაწილე უნივერსიტეტებისთვის შეთავაზებულ ინგლისური ენის სწავლების ერთ-ერთ შესაძლებლობას.

The English Channel ინგლისური ენის სწავლების პლატფორმა მთლიანად მორგებულია მონაწილის ინტერესებზე და დატვირთულია პრაქტიკული სავარჯიშოებით.

პლატფორმა შინაარსობრივად იყოფა ორ ნაწილად: ინგლისური ენის სწავლება და კარიერული უნარ-ჩვევების განვითარება. The English Channel პლატფორმის ორივე ნაწილი სრულიად უფასოა და სასწავლო რესურსებზე წვდომის მოსაპოვებლად საჭიროებს მხოლოდ მარტივი და სწრაფი რეგისტრაციის გავლას.

ინგლისური ენის სწავლება თანამედროვე ხელოვნების დარგებიდან მოიცავს ისეთ მრავალფეროვან და პრაქტიკაზე ორიენტირებულ საკითხებს, რომლებიც შემსწავლელს დაეხმარება გაიუმჯობესოს და გაიღრმაოს ინგლისური ენის ცოდნის დონე.

კარიერული უნარ-ჩვევების განვითარების ნაწილი, კი, საუკეთესოა სტუდენტებისთვის, პროფესიონალებისთვის, დამწყები სტარტაპერებისა თუ მეწარმეებისა და ზოგადად მათთვის, ვისაც სურს გაიღრმაოს და განივითაროს ინგლისური ენის ცოდნა სამეწარმეო მიზნებისა და ბიზნესისთვის. აღნიშნული ნაწილით დაინტერესებულებს შესაძლებლობა ეძლევათ ჰქონდეთ წვდომა სხვადასხვა ხასიათისა და შინაარსის სასწავლო მასალაზე, რომელიც დატვირთულია პრაქტიკული სავარჯიშოებით. ამასთან დაინტერესებულებს საშუალება ეძლევათ მუდმივად ადევნონ თვალი საკუთარ პროგრესს. პლატფორმის აღნიშნული ნაწილი მოიცავს ისეთ თემებს, როგორებიცაა: პრეზენტაციის უნარები, ბიზნესგეგმის განვითარება, ბიზნესსპიჩების – პრეზენტაციების მომზადება, კომუნიკაციების დამყარება-განვითარება და სხვ.

სასწავლო მასალის თითოეული ვიდეო გთავაზობთ მთელ რიგ პრაქტიკულ დავალებებსა და შეკითხვებს, რომლებიც დაგეხმარებათ ახალი მასალის უკეთ აღქმაში, სათანადო უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და ენობრივი მარაგის გაუმჯობესებაში.  სასწავლო ვიდეოები დაჯგუფებულია ძალიან მარტივად და მოქნილად, რაც საშუალებას იძლევა თითოეული დავალების შემდგომ შეაჯამოთ განვლილი მასალა და გადაამუშაოთ ძირეული საკითხები.

პლატფორმის ორივე ნაწილში დაინტერესებულ პირებს საშუალება აქვთ, მუდმივად ადევნონ თვალი საკუთარ პროგრესსა და მიღებულ შეფასებებს. ამასთან ისინი, ვინც პლატფორმის კარიერული უნარ-ჩვევების განვითარების ნაწილს გაივლიან და წარმატებით დაასრულებენ, მიიღებენ სერტიფიკატს.

The English Channel პლატფორმასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ პლატფორმის ოფიციალური ვებგვერდი.

საგულისხმოა, რომ საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, პარტნიორი უნივერსიტეტის სტატუსით, კილის უნივერსიტეტთან (დიდი ბრიტანეთი) თანამშრომლობით გაიმარჯვა ბრიტანეთის საბჭოს მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში: „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის“. „შემოქმედებითი ნაპერწკალი“ არის 5 წლიანი ინიციატივა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საერთაშორისო  საუნივერსიტეტო და ინსტიტუციურ პარტნიორობებს სამეწარმეო უნარების და შემოქმედებითი ინდუსტრიების  განვითარებაში. პროგრამა ხორციელდება დიდ ბრიტანეთში, საქართველოში, აზერბაიჯანში, სომხეთში, უზბეკეთში, უკრაინაში, ყაზახეთსა და ყირგიზეთში.

პროგრამასთან დაკავშირებით უფრო დეტალური ინფორმაცია იხილეთ პროგრამის ვებგვერდზე.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროექტის “შემოქმედებითი ნაპერწკალის“ ინსტიტუციურ კოორდინაციას ერთობლივად ანხორციელებენ სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახური და სტუ-ს კომერციალიზაციის დეპარტამენტი, ხოლო პროექტი სტუ-ს „ინოვაციების ცენტრი“-ს ეგიდით ხორციელდება. პროექტის მთავარი პარტნიორია სტუ-ს სტუდენტურ თვითმმართველობა და სოციალურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტი.